„ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგად საქართველოს თავისუფლების ხარისხი გაუარესდა - ავტორიტეტული „ფრიდომ ჰაუსი“ იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც 2020 წლის ანგარიშში ქვეყნის რეიტინგი ორი პუნქტითაა დაკლებული.
გავრილოვის სისხლიანი აქცია და გადამეტებული ძალით საპროტესტო გამოსვლის დაშლა, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და არაფორმალური მმართველობა - ის ფაქტორებია, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ქვეყნის დემოკრატიას აზიანებს.
20 ივნისის ღამეს ,ხელისუფლების მხრიდან პარლამენტის წინ საპროტესტო დემონსტრაციის გადამეტებული ძალის გამოყენებით დარბევა და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები გახდა მიზეზი რის გამოც საქართველომ „ნაკლებად თავისუფალი" ქვეყნების ჩამონათვალში 2 ქულა დაკარგა და 61 ადგილზეა. „ფრიდომ ჰაუსის“ ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორმა მარკ ბერენდითმა „ფორმულასთან“ საუბრისას ორგანიზაციის 2020 წლის ანგარიშში, საქართველოს თავისუფლების ხარისხის გაუარესების მიზეზები დაასახელა.
„არაზუსტი და სუბიექტური ანგარიში“ - ასე აფასებენ უმრავლესობაში „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშს. სოფო კილაძე დღეს ბიძინა ივანიშვილის დაცვას კიდევ ერთხელ შეეცადა.
ოპოზიცია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშს „ქართული ოცნების“ კრიტიკის ახალ საფეხურზე გადასვლად აფასებს. მათი თქმით, ვითარებას მხოლოდ ხელისუფლების ცვლილება გამოასწორებს.
„ფრიდომ ჰაუსის“ 2020 წლის ანგარიშში ისევე, როგორიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში პრობლემად არის დასახელებული სამთავრობო კორუფცია. ასევე, ეფექტური ანტიკორუფციული კანონების მიღებისას სამართალდამცველი და სასამართლო სტრუქტურების დამოუკიდებლობის არქონა.
ანგარიშის მიხედვით, გაუარესებულია მთავრობის მუშაობისა და პოლიტიკური პლურალიზმის, ასევე გამოხატვის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მაჩვენებლები.